განათლების სამინისტროს ვებ გვერდიდან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების მიმართულებით თანამშრომლობის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით. მინისტრმა დიეგო კოლასს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები და სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში – დაბრუნებას ითვალისწინებს.