იმედი L • Imedi L

2 დღე  · 

🔹

საქართველოში ტროპიკული მედიცინისა და მეცნიერული თერაპიის ფუძემდებელი, გენიალური ექიმი და უმნიშვნელოვანესი მეცნიერი – სპირიდონ ვირსალაძე 1868 წელს, სოფელ ნახშირღელეში დაიბადა.

🔹

მისმა მამამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შვილს განათლება მიეღო. სპირიდონი ჯერ სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. სწორედ მისი სტუდენტობის პერიოდში მოხდა ყველასათვის ცნობილი ფაქტი – სასულიერო სემინარიის რექტორი პაველ ჩუდეცკი, რომელიც ქართველების მიმართ აგრესიითა და დამცინავი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, ერთ-ერთმა სტუდენტმა მოკლა. საქართველოს ეგზარქოსმა დაწყევლა მკვლელობის ჩამდენი და მთელი ქართველი ერი. ამ ამბავმა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძვრებს ჩაუყარა საფუძველი, არაერთმა სტუდენტმა აქტიურად გააპროტესტა მოვლენები, რის გამოც, სემინარიიდან სამოცი ქართველი სტუდენტი გარიცხეს, მათ შორის, სპირიდონ ვირსალაძეც.ამ ამბის შემდეგ სპირიდონმა ექიმობა გადაწყვიტა, თუმცა სემინარიიდან „გამოგდებულებს“ ტომსკის გარდა არც ერთი უნივერსიტეტი არ აძლევდა სწავლის შესაძლებლობას, იქ ცხოვრება კი ურთულეს პირობებში ყოფნას ნიშნავდა. ამის მიუხედავად, სპირიდონი მაინც გაემგზავრა ტომსკში და წარმატებითაც დაასრულა უნივერსიტეტი.

🔹

ორ წელიწადში სპირიდონ ვირსალაძემ დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა და თბილისის მიხეილის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედაც დაინიშნა.

🔹

გამორჩეულმა ექიმმა ხალხის აღიარება და პატივისცემა ძალიან მალე დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებში სწორედ სპირიდონ ვირსალაძე მკურნალობდა აკაკი წერეთელსა და ვაჟა-ფშაველას.

🔹

უმნიშვნელოვანესი მეცნიერული კვლევებისა და მიგნებების ავტორის, სხვადასხვა ენებზე გამოცემული, ნაშრომები დღემდე ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. სპირიდონ ვირსალაძე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ქართული მედიცინის განვითარებას, სწორედ მისი თაოსნობით გამოიცა პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალი „ექიმი“, ასევე „ტროპიკული მედიცინის მოამბე“. ის იყო თანადამფუძნებელი თსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტისა. აქტიურად შრომობდა მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების შემუშავებაზე.

🔹

საქართველოში მალარიის წინააღმდეგ გატარებული პირველი ღონისძიებები სპირიდონ ვირსალაძის სახელს უკავშირდება. სწორედ მისი დაარსებულია პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც დღესაც განაგრძობს მეცნიერულ მოღვაწეობას და ღვაწლმოსილი ექიმის სახელს ატარებს.გამოჩენილი მეცნიერი 1930 წელს, 62 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

Top