განათლეის სამინისტროს ვებ გვერდიდან: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეფასდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და 7 დღის მაჩვენებელმა 4%-ზე დაბლა დაიწია.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

მნიშნელოვანია, რომ თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – www.Online.emis.ge.

Top