სასწავლო პროცესის განახლების პირველ დღეს მიხეილ ჩხენკელი თბილისის სხვადასხვა სკოლას ეწვია
15.02.2021 ზოგადი განათლება
განათლების სამინისტროს ვებ გვერდიდან: პანდემიის პერიოდში პირველად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სწავლა სკოლის შენობებში გაგრძელდა. მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას და მშობლებს სწავლის დაწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სხვადასხვა სკოლებში პირადად მიულოცა და წარმატება უსურვა.
სწავლის დაწყების პირველ დღეს მიხეილ ჩხენკელმა თბილისის ყველაზე დიდი – N186-ე მეგა-სკოლა და QSI – თბილისის საერთაშორისო სკოლა მოინახულა, სადაც პირადად გაეცნო, თუ როგორ მოემზადნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლის დასაწყებად, რამდენად არიან დაცული მოსწავლეები რისკებისაგან და რა სამუშაოებია ჩატარებული როგორც უსაფრთხოების, ასევე ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისთვის.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა. შესაბამისად, უკვე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სკოლებში სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს. მსურს, საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია არსებული კარგი დინამიკის შენარჩუნება. შესაბამისად, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, რათა ჩვენს ბავშვებს, ჩვენს შვილებს ჰქონდეთ საშუალება, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა.“
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თბილისის N186 საჯარო მეგა-სკოლა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის – განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში აშენდა და ის 1 300 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში ამჟამად დაწყებითი საფეხურის 848 მოსწავლე სწავლობს, რომლებიც A ბლოკში არიან განთავსებული. ხოლო B ბლოკში საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მომდევნო სასწავლო წლიდან ისწავლიან. გალერეებით დაკავშირებული ბლოკების კონფიგურაცია და ურთიერთგანლაგება ქმნის სამ შიდა ეზოს, სადაც მოეწყო სათამაშო და დასასვენებელი ზონები. შენობა ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, სასადილო, ექიმის კაბინეტი, 3 სპორტული დარბაზი, გარე მოედნები. მშენებლობის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.
QSI – თბილისის საერთაშორისო სკოლა აკრედიტებულია Middle States Association of Colleges and Schools (MSA)-ის მიერ. სკოლაში სწავლა მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. მოსწავლეები, ძირითადად, სწავლას ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ.