მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და, ამავდროულად, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული.
იმ სკოლებისთვის, რომლებიც 15 თებერვლიდან დასწრებული ფორმით სწავლებაზე გადავლენ, არსებული საჭიროებების შესაბამისად რეკომენდაციები განახლდა. აღნიშნულის თაობაზე თითოეულ სკოლას უკვე ეცნობა. მოკლეტექსტური შეტყობინებებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით რეკომენდაციებს ასევე მიიღებენ მოსწავლეთა მშობლებიც, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მათი შვილების უსაფრთხოება. ამ პროცესს ორგანიზებას სკოლები გაუწევენ.
ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება.