პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან – სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე, მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ.
მემორანდუმის მიზანია, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, მაქსიმალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტ კავშირით.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა, სოლიდარობის გამოვლენა. სამაგალითოა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც „სილქნეტმა“, „მაგთიკომმა“ და „ვიონი საქართველომ“ განათლების სფეროს მიმართ გამოიჩინეს.