მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენ შევინარჩუნეთ კულტურის სფეროს საჯარო სექტორში ყველა სამუშაო ადგილი და კულტურის ორგანიზაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის დამატებითი რესურსი მივმართეთ. კერძოდ, სამინისტროს სისტემაში არსებულ თეატრებსა და მუზეუმებში შრომის ანაზღაურება გაიზარდა საშუალოდ 100 ლარით. სამინისტრომ ასევე შეინარჩუნა დარგობრივი კონკურსები და მოახდინა მათი ადაპტირება. ჩატარებულ 16 საგრანტო კონკურსში 161-მა კულტურულმა ორგანიზაციამ და 4500-მდე ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა“.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო პროექტებზე და აღნიშნა, რომ, პანდემიის მიუხედავად, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები კვლავ გაგრძელდა, კერძოდ: დასრულდა სამხატვრო აკადემიის, ანსამბლ „რუსთავის“ შენობის, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმების მშენებლობა, სრულდება მუსიკისა და დრამის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„ევროპის მასშტაბით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა – ეროვნული მუზეუმის ვანის არქეოლოგიური და ბოლნისის რეგიონული მუზეუმები“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.