07 თებერვალი 2021, 16:42 / სანდო წყარო იმედი L.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, რუსი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. შეხვედრა ანგარიშით 16:7 დასრულდა.

პირველი ლელო მატჩის 46-ე წუთზე, ვასილ ლობჟანიძემ დადო და ანგარიშიც გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას, სატურნირო თვალსაზრისით, საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ქართველმა სპორტსმენებმა შარშან, ერთი ტურით ადრე, უკვე გაინაღდეს რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

თამაშს პირდაპირ ეთერს ტელეკომპანია „იმედი“ გადასცემდა. 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას, კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრო.

შერკინების პირველ ხაზში ორწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა გამოცდილი ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელიც ბექა გიგაშვილს შუწყვილდა, კვაჭი კი შალვა მამუკაშვილი იყო. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 18 მატჩიდან, 17 შემთხვევაში მამუკაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.

მეორე ხაზში ერთმანეთს პირველად შეუწყვილდნენ ლაშა ჯაიანი და გიორგი ჯავახია. ჯავახიას ნაკრების კვართით ოთხჯერ ჰქონდა ნათამაშები, თუმცა ყველა ჯერზე შეცვლაზე შედიოდა და ახლა სასტარტოში პირველად იყო.

2018 წლის ივნისის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში პირველად იყო მიხეილ გაჩეჩილაძე. მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იყო, რომელმაც ამ პოზიციაზე ადგილი დაიმკვიდრა, ხოლო შერკინების შემკვრელად ახალგაზრდა თორნიკე ჯალაღონია ვიხილეთ.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორკინალების კეპების ჯამი 179-ს შეადგენდა და მათი დაახლოებით ორი-მესამედი ორ მორაგბეზე – ჟვანიასა და მამუკაშვილზე მოდის.

Top