საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. შესაბამისად, საჯარო სკოლებს იანვრიდან ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატისთვის.

ბოლო წლებში სპეციალური მასწავლებლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით არაერთი მნიშნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2018 წელს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. 2020 წელს კი სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

ასევე პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ კომპეტენცია, რაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და საგნის მასწავლებლის მსგავსად მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატი.

Top